14 სექტემბერი 2026,   12:30
ვრცლად
ქობულეთში კერძო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარედ გზა გადაკეტეს

ქობულეთში კერძო ტიპის სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარედ ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის ოფისთან იმ მოთხოვნით შეიკრიბნენ, რომ ხელისუფლებამ მცირე ბიზნესის მეპატრონეებსა და ბანკებს შორის მედიატორის როლი იკისროს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ მოხდეს სესხის მინიმუმ ერთი წლით გადავადება და დარიცხული პროცენტის გაუქმება. მათი თქმით, ისინი საბანკო ვალდებულებებისგან თავის არიდებას არ აპირებენ, ითხოვენ მოხდეს მათთვის საშეღავათო პერიოდის მიცემა და პროცენტის სუბსიდირება.

სასტუმროებისა და კაფე-ბარების მფლობელების თქმით, ქობულეთში დაახლოებით 10% მოხვდა სახელმწიფო სუფსიდირების პროგრამაში, რაც  შერჩევითი იყო.

აქციის მონაწილეებს ასევე შეუერთდნენ პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე და უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე. ისინი ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნა სრულიად საფუძვლიანია და სახელმწიფომ დანაპირები უნდა შეასრულოს.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა გახსნეს, თუმცა  დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პერმანენტულ აქციებს გამართავენ და მერიის შენობის წინ შიმშილობას დაიწყებენ. 

შეგახსენებთ, რომ კერძო ტიპის სასტუმროსა და კაფე-ბარების მეპატრონეები მსგავსი ტიპის აქციას უკვე მეშვიდედ მართავენ.

მმართველი პარტიის მხრიდან აქციის მონაწილეებთან ქალაქის მერი, მირიან ქათამაძე მივიდა. მან განუმარტა შეკრებილებს, რომ პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია და საკითხის მოგვარებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, თუმცა მიმდინარეობს აქტიურად ამ საკითხზე მუშაობა. კონკრეტულ ვადებს, თუ როდის მოგვარდება საკითხი, მირიან ქათამაძე ვერ ასახელებს.

დღის ამბები