სიკვდილის მიზეზი, მარშრუტი და ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტით გადაღებული ფოტოები. პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროებს. უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა, მისი გადაადგილება ემთხვევა მანამდე არსებულ ოფიციალურ ვერსიას, ფოტოები კი ყალბია.
საგანგებო ბრიფინგის დასრულების შემდეგ პროკურატურამ ჟურნალისტებს ის ვიდეოები ანახა, რომელიც გარდაცვლილს იუთუბის პირად გვერდზე ჰქონდა ატვირთული. 18 ვიდეოდან მედიამ ნახა 5.
გამოძიებას არ ენდობა ოჯახი და ადვოკატი. მიხეილ რამიშვილმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია იმ პირის ვინაობის შესახებ, ვინც მისი ინფორმაციით, სატელიტის ფოტოები გადასცა. მისი თქმით, ეს არის დავით ფურცხვანიძე.
მიხეილ რამიშვილი ტელეფონით დაუკავშირდა დავით ფურცხვანიძეს და ტელეკამერების წინ შეკითხვა დაუსვა, არის თუ არა ის მზად, რომ გამოძიების შეკითხვებზე პასუხი გასცეს.
"ბატონო დავით, თქვენ მზად ხართ, რომ მე დავასახელო თქვენი სახელი გვარი, რომელმაც გადმომიგზავნეთ სურათები და გამოძიებას გასცეთ ამომწურავად პასუხი იმ სურათებთან დაკავშირებით?“-მიმართა რამიშვილმა.
რაზეც ამ პიროვნების პასუხი იყო რომ ის მზადაა.
"მე ამ საქმეს ახლა კი არა, უფრო ადრე ვიკვლევდი და შემიძლია ვუთხრა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დამედასტურებინა - ეს გოგონა არის მოკლული და ეს არ იყო თვითმკვლელობა,"- განაცხადა აღნიშნულმა პირმა.
"კურიერი" დავით ფურცხვანიძესაც დაუკავშირდა, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ფოტოები მასაც მიაწოდეს.
"საიტიდან არ ამიღია ეს მომაწოდეს იმ ადამიანებმა ვისაც ხელი მიუწვდებოდათ," - აცხადებს ფურცხვანიძე.
პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს. ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
შეგახსენებთ, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომელიც მისი მტკიცებით ადასტურებდა იმას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნა მიტანილი იმ ადგილზე, სადაც მისი ცხედარი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.