27 აპრილი 2024,   00:18
ვრცლად
ელიავას ბაზრობაზე ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ზარალის ოდენობა, რის შემდეგაც ანაზღაურება დაიწყება - "ჯი-პი-აი ჰოლდინგის" წარმომადგენელი

ხანძარი თბილისში - ექსპერეტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ ელიავას ბაზრობაზე, სადაც გვიან ღამით ძლიერი ცეცხლი, ხის საწყობში გაჩნდა, მოგვიანებით კი 20-მდე მაღაზიაზე გავრცელდა. ბაზრობასთან დილიდან იმყოფებიან მაღაზიების მფლობელები, რომლებიც დამწვარ ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა, თავდაპირველად არ შეუშვეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ მოვაჭრეებმა საკუთარი ფართების დათვალიერება მაინც მოახერხეს.

ამ დროისთვის ვითარება ტერიტორიაზე შედარებით მშვიდია. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ტერიტორიაზე მუშაობა უკვე დაასრულეს.

დაზარალებული მოვაჭრეები აცხადებენ, რომ რაც ხანძარს გადაურჩა წყლის ჭავლმა დააზიანა. მათ ჯერჯერობით უჭირთ ზარალის ოდენობაზე საუბარი. მათი თქმით, ბაზრობის ტერიტორიაზე საღამოს 7 საათის მერე არავინ შედის, ხანძარი კი ღამის 3 საათზე გაჩნდა. ისინი ვარაუდობენ, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი.

"ყოფილა ხანძრები სხვა ტერიტორიებზეც და ეს წლობით გაგრძელებულა, მაგრამ ეს არის სადაზღვეო კომპანიის პასუხისმგებლობაზე და მის ვარგისიანობაზე, რამდენად ისინი შეასრულებენ ამ ვალდებულებას იმიტომ, რომ ეს გამოძიება შესაძლებელია ძალიან დიდი ხანი გაგრძელდეს," – აცხადებს ხის საამქროს მეპატრონე თეა ანდრიაძე.

სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში მოვაჭრეები სარგებლობდნენ 2 სადაზღვეო კომპანიით. დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ "ჯი პი აი" დაზღვევის წარმომადგენელი მოვიდა, რომელიც აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში დაინიშნება ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს ზარალის ოდენობა, რის შემდეგაც უკვე ანაზღაურება დაიწყება.

"შეტყობინება შემოვიდა დღეს დილით. დაზიანების შესახებ განაცხადა რამდენიმე სუბიექტმა. დაზღვეულია 2 ტიპის ქონება ასე რომ ვთქვათ. არის მარაგები დაზღვეული, და აგრეთვე დაზღვეული არის კონსტრუქციული ელემენტები. დაინიშნება ექსპერტიზა, შესაბამისი მოქმედებები უკვე დაწყებულია. 4 ბიზნეს ობიექტია დაზღვეული," - აცხადებს სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგის" საოპერაციო დირექტორი დიმა ძირტკბილაშვილი.

წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია დაახლოებით 1 000 კვადრატი. მაღაზიები და ასევე მარაგებიც დაზღვეულია.

დღის ამბები