05 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
ისინი ამბობენ, რომ ეს მათი მიწაა, მაგრამ მე აქ ვცხოვრობ, სად წავიდე - "კურიერის" რეპორტაჟი რეგიონის ყველაზე ცხელი წერტილიდან

"კურიერი" რეგიონის ყველაზე ცხელ წერტილში, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში იმყოფება. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ქალაქი რამდენიმე საათის წინ დაიბომბა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გაიგეს საკმაოდ ძლიერი აფეთქების ხმა, თუმცა, მათივე ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"კურიერი" ქალაქის იმ ნაწილშიც მივიდა, სადაც გუშინ საღამოს საცხოვრებელ სახლს ჭურვი დაეცა. როგორც ადგილობრივები "კურიერთან" ამბობენ, აფეთქების გამო დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა და ის ქალაქ სტეფანაკერტის საავადმყოფოში იმყოფება.

"გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ დაგვბომბა. აფეთქების უზარმაზარმა ტალღამ ირგვლივ ყველაფერი დააზიანა. ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ისინი ამბობენ, რომ ეს მათი მიწაა, მაგრამ ჩვენ აქ ძირძველი მოსახლეობა ვართ. მე აქ ვცხოვრობ, სად წავიდე,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

ამასთან, იმ დროს, როდესაც "კურიერის" გადამღები ჯგუფი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შედიოდა, სომხეთისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საზღვრიდან ზუსტად 5 კილომეტრში, ქალაქ ბერძორის მთავარი გზის დამაკავშირებელი ხიდი აფეთქდა. ხიდი ახლაც დაზიანებულია და მისი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"ეს არ არის ჩვეულებრივი ნამსხვრევები, ის, დაახლოებით, 100 კილომეტრშია აზერბაიჯანიდან და აქ როგორ მოხვდა?! ყველაფერი ააფეთქეს. უკვე რამდენიმე დღეა, ასეთი ნამსხვრევებით ივსება აქაურობა. ბოლო იერიში 20 წუთის წინ მოხდა. აქ მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში სტეფანაკერტზე შეტევა სამი დრონით მიმდინარეობდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სიტუაცია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს უკიდურესად დაიძაბოს და ისევ გაგრძელდეს ქალაქის დაბომბვა. 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები