კორონავირუსის გავრცელებიდან პირველად საქართველოში გარდაცვალების ყველაზე მეტი დღიური მაჩვენებელია. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ფაქტი დაფიქსირდა და გარდაცვლილთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ახალ ფაქტებს ბოლო 24 საათში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 313-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ამ ეტაპზე აქტიურ შემთხვევა რაოდენობა 4886-ია.
ლეტალურად დასრულდა კორონავირუსის 2 შემთხვევა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. 55 წლის ქალი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში COVID -19-ისა და პნევმონიის დიაგნოზით 6 ოქტომბერს მოათავსეს. პაციენტს თანმხლები დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონიული დაავადებები ჰქონდა. რამდენიმედღიანი მკურნალობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 61 წლის ქალიც, მას COVID-19-ისა და პნევმონიის დიაგნოზთან ერთად, თანმხლები დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, 4-ხარისხის სიმსუქნეც ჰქონდა. ის მკურნალობას პირველი ოქტომბრიდან გადიოდა.
გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა გორშიც, პაციენტს აქაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ქუთაისში "კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებით ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა. 81 წლის ქალი კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 20 სექტემბერს, ბათუმის კლინიკიდან დადასტურებული კოვიდინფექციით გადაიყვანა.
კლინიკაში შეყვანისთანავე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა, რადგან პაციენტს კოვიდინფექციასთან ერთად, თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა - მოციმციმე არითმია, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ჰიდროთორაქსი.
25 სექტემბერს პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადავიდა. ექიმების მცდელობისა და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"ამ ეტაპზე კლინიკაში 76 კოვიდდადებითი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 90-მდე პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები,"- აცხადებს "კლინიკა ბომონდის" კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.
სამეგრელოში ახალი კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 6 შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა, მათგან 4 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 2-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, 5 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში. ყველა მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 1 შემთხვევაა ხობში, რომელიც ასევე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, საუბარია კლინიკის მენეჯერზე, თუმცა მას საავადმყოფოსთან ბოლო პერიოდში შეხება არ ჰქონია. გარდა ამისა, 1 შემთხვევა დაფიქსირდა რუხის კლინიკაში, სადაც ინფექცია აფხაზეთიდან ცხელებით გადმოყვანილ ქალს დაუდასტურდა, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთის კლინიკაშიც, რომელიც ცხელებით შესული პაციენტია და ლანჩხუთის მცხოვრებია.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში 208 ინფიცირებულია, 18 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რეგიონში ბოლო 24 საათში 9 პირი გამოჯანმრთელდა.