დღეს უნდა გაირკვეს მიიღებს, თუ არა მეორე ინსტანციის სასამართლო აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია - დემარკაციის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატების საჩივარს წარმოებაში. პარალელურად, პროკურატურაში შედის დღეს ივერი მეაშვილის ადვოკატი. ედუარდ მარიკაშვილი მოცულობითი საქმის ნაწილს საგამოძიებო უწყებაშივე გაეცნობა. ადვოკატის თქმით, საუბარია კომისიის დასკვნებსა და რუკებზე. უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ივერი მელაშვილს სასამართლო უდანაშაულოდ ცნობს.
როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატი აცხადებს, იმ საქმის მასალებისა და ჩვენებების მიხედვით, რომლებიც მას პროკურატურის მხრიდან გადაეცა გამოიკვეთა კიდევ ერთი ახალი და დაცვის მხარისთვის საინტერესო მიმართულება.
"საქმეში არ ჩანს განზრახვა, არ მტკიცდება არაფრით, რომ ამ ადამიანებმა განზრახ გააკეთეს ეს და 97 წლიდან თითქმის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მიზანმიმართულად ავლებდნენ ამ ხაზს, შეთანხმებას დებდნენ. ასევე არ ჩანს მოტივი. ჩვენებები სხვათა შორის, მათ შორის მოქმედი თანამდებობის პირების საგარეო საქმეთა სამინისტროსი არის ჩვენს სასარგებლოდ. ისინი ზუსტად იმ პოზიციას ადასტურებენ, რასაც ბატონი ივერი მელაშვილი ყვებოდა, ჩვენც ამას ვიმეორებთ. მე ვთვლი, რომ პროკურატურას უკვე სხვა მიზნები ამოძრავებს და აქამდეც ეს ნათელი იყო, ეს არის დავით გარეჯის ხელოვნური მიბმა ამ საქმეზე," - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
დავით გარეჯის საქმეში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ჩაერთო. ნესტან ლონდარიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
"მისი მთავარი პოზიცია გახლავთ ის, რომ უდანაშაულოა საქმეში. მისთვის გაუგებარია რის გამო არის დღეს დაკავებული, რა დააშავა ამისთვის, იმდენად გასაოცარია, რომ მას მოლოდინი აქვს, რომ ყოველ წამს შეიძლება კარი გაიღოს და ბოდიში მოუხადონ მას ისეთი მძიმე ბრალდებით მოხდა მისი დაკავება. მე როგორც მისი დამცველი დარწმუნებული ვარ მის უდანაშაულობაში," - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.