19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
კომპანია "ბროლში" ფინანსური სამსახურის შესვლას პარტია "ევროატლანტიკური ვექტორი" საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს

სამშენებლო მასალების კომპანია "ბროლში" ფინანსური პოლიციის სამსახურისა და პროკურატურის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ოფიციალური ვერსია უკვე ცნობილია და როგორც გამომძიებელი განმარტავს, საქმე მილიონობით ლარის გათეთრებას, ტრანსნაციონალურ დანაშაულს ეხება.  

მომხდარზე ვერსია აქვს პოლიტიკურ პარტია "ევროატლანტიკურ ვექტორს", რომლის წარმომადგენლებიც ადგილზე იმყოფებიან.

როგორც პარტიაში ამბობენ, "ბროლის" დამფუძნებელი მათი ფინანსური მხარდამჭერია და მიმდინარე პროცესიც ამას უკავშირდება.

"ერთ-ერთი ბიზნესია, რომელიც ჩვენ ღიად გვიჭერს მხარს საარჩევნო კამპანიაში. კომპანიის დირექტორი საქართველოს მოქალაქეა ირანული წარმოშობის, გვინდოდა ის გამსვლელ სიაში ჩაგვესვა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააპროტესტებს ამას. ბიზნესში, თუნდაც ეკონომიური დანაშაულის გამო, ეს არ უნდა ხდებოდეს," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "ევროატლანტიკური ვექტორის" თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე.

პარტიაში ასევე ამბობენ, რომ მათ ტელეფონებს სუსი უსმენს და ყველაფერი აქედან გამომდინარე მოხდა. 

"სუსი ძალიან აქტიურად გვისმენს ტელეფონებით და ამას ვუკავშირებთ მომხდარს. ორი მომენტია, ერთია ის, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლა უნდათ და მეორე, გაკოტრებულ "ქართულ ოცნებას" სურს, რომ შემოწირულობის სახით რაც შეიძლება ბევრი თანხა მიიღოს," - აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება "ევროატლანტიკური ვექტორის" წევრი ლაშა ბრეგვაძე.

რაც შეეხება ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზებას, როგორც საქმის პროკურორი ამბობს, არაერთი მტკიცებულებისა და დოკუმენტის გამო, ეს საჭირო იყო. 

"საქმე ეხება ფულის გათეთრების ფაქტს, დანაშაული ტრანსნაციონალური ხასიათის საქმეს წარმოადგენს. იმისათვის, რომ კომპანიიდან ამოღებული ნივთები დაქვემდებარებოდა უსაფრთხოებას, ამისათვის საქმეში სპეციალური დანიშნულების რაზმი ჩავრთეთ," - აცხადებს პროკურორი დავით ბაინდურაშვილი,

დღის ამბები