19 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
ვლადიმერ გუცაევის თქმით, ნაკრების ახალი მწვრთნელი კახა ცხადაძეს, შოთა არველაძეს, თემურ ქეცბაიას შორის უნდა შეირჩეს

ისტორიული მატჩი, რომელზეც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა "დღის კურიერის" ეთერში შეაფასა.

მისი თქმით, გუშინდელ მატჩზე დიდი იმედები მყარდებოდა, რადგან იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები გამარჯვებას მიაღწევდა, ქართული ფეხბურთით დაინტერესება გაიზრდებოდა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, მათ შორის, ბიზნესის მხრიდანაც.

ვლადიმერ გუცაევმა მწვრთნელის ფაქტორზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვლადიმირ ვაისის აღიარება, რომ მან ფეხბურთელების შეცვლა დააგვიანა, მარცხის გამოსწორებას ვერ შველის და ეს თავიდანვე უნდა გაეთვალისწინებინა. ვლადიმერ გუცაევის თქმით, არასათანადოდ ხდება ქართველი მწვრთნელების დაფასება  და ისინი წარმატებას საქართველოს ნაცვლად საზღვარგარეთ აღწევენ:

"ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს ბიჭებს და ჩვენს მწვრთნელებს, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ საზღვარგარეთ, იგივე შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე. მოდიან აქ მწვრთნელები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატს საერთოდ არ უყურებენ და მოდიან აქ მინიმალური დროით, მარტო როცა თამაშია, 1 კვირა მაქსიმუმ და არც იციან რა ხდება ქართულ ფეხბურთში," - განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა. მისი თქმით, კახა ცხადაძე ახლა ამთავრებს კონტრაქტს ყაზახეთში და ფეხბურთის მესვეურებმა უნდა იფიქრონ მის დაბრუნებაზე:

"ახლა ცხადაძე ამთავრებს კონტრაქტს ყაზახეთში, ძალიან კარგად დაიწყო მუშაობა და მისი ნაკრები ძალიან კარგი იყო. რატომ არ შეიძლება რომ არ ვეძებოთ საზღვარგარეთ მწვრთნელი და ავიყვანოთ ცხადაძე,"- აღნიშნა ვლადიმერ გუცაევმა.

კითხვაზე, ვისი ბრალია, რომ არ ხდება ქართველი მწვრთნელების სათანადო დაფასება, ვეტერანმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიმღები ფეხბურთის ფედერაციაა და პასუხისმგებლობაც მათზეა:

"მე არ ვიცი ვისი ბრალია, ალბათ ფედერაცია, კონფლიქტი მოუვიდათ კახა ცხადაძესთან, ხელფასთან დაკავშირებით იყო, მერე მოდის ვაისი და ვიცი, რომ აქ არ გაჩერდებოდა 5 წელი, ცუდი პირობები რომ ჰქონდეს. ჩვენ ბიჭებს ვთხოვოთ რომ ჩამოვიდნენ. შოთა არველაძის ნიჭი იხარჯება "პახტაკორში", ახლა ამბობენ, რომ შეიძლება გადავიდეს "ტრაბზონსპორში", ღმერთმა ქნას. ქეცბაია თემურიც ძალიან კარგად მუშაობდა. კახა ცხადაძეც. მე მგონი, დროა, ამ ბიჭებისგან ავარჩიოთ და ჩავაბაროთ, ვინც უფრო კარგად იცის ქართველის მენტალიტეტი და ქართული ფეხბურთი," - აღნიშნა ვლადიმირ გუცაევმა.

დღის ამბები