თუშეთში შესაძლოა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცეს - მიზეზი ცუდი ამინდია.
ვერტმფრენს მეტეოროლოგიური პირობების გამო ადგილზე კომისიის წევრები ჯერჯერობით ვერ გადაჰყავს. ადგილზე ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან
"ვერტმფრენთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებულია, ველოდებით, რომ ცოტა ამინდი როგორც კი შეიცვლება უკეთესობისკენ გადავა გადასატანი ყუთი თუშეთში, სადაც არის 23 ადგილობრივი ამომრჩეველი, მიიღებენ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას," - განაცხადა ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მინდია იუკურიძემ.
თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი აცხადებს, რომ პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში აქტივობა ბევრად დაბალია.
"გვაქვს ერთი სპეცუბანი, რომელიც ემსახურება როგორც კოვიდ ინფიცირებულებს, ასევე იზოლაციაში და საკარანტინე სივრცეში მყოფ ამომრჩევლებს. რაიმე სახის დარღვევაზე და ტექნიკური სახის ხასიათის გადაცდომაც კი არ არის ამ წუთისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან წარმოდგენილნი სხვადასხვა შემადგენლობით სხვადასხვა უბნებზე," - აცხადებს რევაზ გაიპარაშვილი.
დუისის #5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლია მარგოშვილის თქმით, დარღვევებს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია.