უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
"დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 114 889-ს.
დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულები პირების რიცხვს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 366 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 95 581-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 085 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 264, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 44, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 232, კახეთი - 214, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 712, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 49, იმერეთში - 42.
3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში, 2 047 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში -33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 814 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 231 პირი, აჭარაში - 13 768, იმერეთში - 4 951,"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.