ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.
"ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს გარკვეული კერების დამუშავება. გავრცელების საფრთხე, რა თქმა უნდა, არ არის. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არის. დამწვარია, დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრის სასაწყობე ფართი. ინახებოდა შერეული საქონელი - როგორც პლასტმასა, ისე საავეჯო ტექნიკა. იყო გარკვეული რაოდენობის პიროტექნიკაც. როდესაც ხანძარი იქნება სრულად ლიკვიდირებული, შემდეგ შევა შესაბამისი სამსახური და დაადგენენ ზარალს. ხანძრის სავარაუდო მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია, გამოძიება დაადგენს,"-განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.