საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იმისათვის, რომ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 5 000-დან 700-მდე ჩამოვიდეს საჭიროა პრევენციული ზომების პუნქტობრივად დაცვა.
"მე არასდროს მითქვამს, რომ მარტო პირბადე აკეთებს საქმეს. განახევრება ეს არის - 5 000-დან ჩამოხვალ 2 500-მდე, 2 500-დან რომ ჩამოხვიდე 1 000-ზე, 700-ზე, გვჭირდება შემზღუდველი ღონისძიებები.
მარტო პირბადე არა, ერთდროულად რამდენიმე მიმართულება: შემზღუდველი ღონისძიებები, პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური ჯანდაცვა და ტესტირება - ეს გახლავთ, სანამ ვაქცინა, პირველადი მოხმარების წამალი იქნება, ეს არის ჩვენი იარაღი. თუ ყველა ამ იარაღს ჩვენ გამოვიყენებთ ერთდროულად და წარმატებით, მაშინ სერიოზულად შევამცირებთ ინფიცირებულთა რაოდენობას," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.