ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული მირიან თაზიაშვილი ოკუპანტების მიერ მისი გატაცებისა და პატიმრობის დეტალებს მედიასთან იხსენებს. 65 წლის მამაკაცი, რომელმაც უკანონო პატიმრობაში თითქმის 1 თვე გაატარა ყვება, რომ ციხის საკანში ბოლო პერიოდი მან ზაზა გახელაძესთან ერთად გაატარა და იმედოვნებს, რომ საპყრობილეს ისიც მალე დატოვებს.
მირიან თაზიაშვილი ოკუპანტებმა სოფელ ზარდიაანთკართან 20 ნოემბერს დააკავეს, მოგვიანებით მას დე ფაქტო სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მისი და ოკუპანტების მიერ სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი მხარეებმა ჟენევაში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
მირიან თაზიაშვილის თქმით, ის ნასვამ მდგომარეობაში იყო და გზა აერია, რის შემდეგაც ოკუპანტებმა დაიჭირეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, მირიან თაზიაშვილის გათავისუფლება პარტნიორებისა და შესაბამისი უწყებების ყოველდღიური მუშაობის შედეგია.