ხელოვნური ბარიერების მიღმა სადღესასწაულო დღეებს ოკუპირებული ცხინვალი იზოლაციაში შეხვდება. ამჯერად დე ფაქტო ხელისუფლება პანდემიას იმიზეზებს და თითქმის ერთწლიან შეზღუდვებს კიდევ 20 დღით ამკაცრებს. საახალწლოდ ე.წ-მა უშიშროების საბჭომ COVID-19-ისგან მოსახლეობის დაცვის არგუმენტით საოკუპაციო ხაზთან გამკაცრებული ზედამხედველობა დააანონსა. თუმცა პრობლემა პანდემიამდე გაცილებით ადრე დაიწყო.
ის,რომ ოკუპირებულ რეგიონში ეფექტურ კონტროლს რუსეთი ახორციელებს და თბილისის რესურსები წვდომადობის ნაწილში შეზღუდულია - ოპოზიციამაც იცის, თუმცა მოხშირებულ პროვოკაციებს ხელისუფლების არაეფექტურ რეაგირებას უკავშირებენ ქვეყნის შიგნითაც და განსაკუთრებით მის გარეთ. სწორედ ეს აძლევს, მათი თქმით, მოსკოვს მოქმედების თავისუფლებას, რადგან მსგავსი უკანონობა მას პრაქტიკულად არაფერი უჯდება. ასახელებენ იმ ნაბიჯებს, რაც ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გადადგას.
მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ოპოზიციას ოკუპაციაზე ყველაზე ნაკლები აქვს სათქმელი. მათი მტკიცებით, ხელისუფლების ყველა შტოს რესურსები მაქსიმალურად აქვს ათვისებული საიმისოდ, რომ ქვეყნის საოკუპაციო პრობლემებზე ყველა პარტნიორი იყოს ინფორმირებული.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწვეტილება შემდეგ განკარგულებამდე ვრცელდება და ე.წ. საზღვართან და ყველა ტიპის გადასასვლელთან გამკაცრებულ ზედამხედველობას 26 დეკემბრიდან 11 იანვრამდე გულისხმობს.