1-ლი იანვრიდან ელექტროენერგიის საფასური ძვირდება. ტარიფი გაიზარდა როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციულ ნაწილში. სამომხმარებლო საფასური 3,5 თეთრით გაძვირდა როგორც რეგიონებში, ასევე - დედაქალაქში.
მაგალითად: დედაქალაქში აბონენტი, რომელიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, 18,041 თეთრს გადაიხდის, 101 კილოვატიდან 301 კილოვატის ჩათვლით საფასური 22,053 თეთრი იქნება, ხოლო, 301 კილოვატიდან ზევით ტარიფი 26,537 თეთრი დადგინდა.
რაც შეეხება რეგიონებს - ყველაზე მცირე რაოდენობის ელექტროენერგიის მომხმარებელი 18 თეთრამდე გადაიხდის, საშუალო მოხმარებისთვის 19 თეთრია დადგენილი, ხოლო ყველაზე მეტის მოხმარების შემთხვევაში, საფასური 23 თეთრამდე გაიზრდება.
არასაყოფაცხოვრებო ნაწილში დედაქალაქში ტარიფი, საშუალოდ, 11 თეთრით გაძვირდა; რეგიონებში კი კომერციული აბონენტებისთვის გადასახადი 11-დან 15 თეთრამდე გაიზარდა. მოსახლეობისთვის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება.
დენის საფასურის ზრდასთან ერთად დღეს თბილისის, რუსთავის და მცხეთის მოსახლოებას წყალზე ახალი ტარიფიც დაუდგინდა. გადასახადი გაზრდილია ყველა სეგმენტისთვის როგორც სულადობის, ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის
დენის ახალი ტარიფის დადგენის პროცესს აკვირდებოდა ენერგოომბუდსმენიც, რომლის შეფასებითაც, ახალი ტარიფის დადგენის დროს სემეკმა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო.
სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დენის ახალი ტარიფი სამომხმარებლო ნაწილში შესაძლოა, 5 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩეს. რაც შეეხება წყალს, ის 3 წელიწადში ისევ გადაიხედება.