19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
დასრულდება თუ არა ქართულ რაგბიში დაპირისპირება კავშირის პრეზიდენტის არჩევით - ერთ-ერთი კანდიდატი შედეგების გასაჩივრებას გეგმავს

ერთწლიანი მომქანცველი მარათონი, რომელსაც თან ახლდა არაერთი დაპირისპირება, მათ შორის, სისხლიანი გარჩევა, დღეს დასრულდა. საქართველოს რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ირაკლი აბუსერიძე ქართულ რაგბის უახლოესი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი რადიკალური ცვლილებების გატარებას გეგმავს. აბუსერიძის გუნდის წევრები ამბობენ, რომ ქართულ რაგბიში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად სწრაფი რეაგირებაა საჭირო.

რაგბის კავშირის საარჩევნო საანგარიშო ყრილობას, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დაესწრო კიდევ ერთი კანდიდატი ბაჩო ხურციძე, რომელიც ყრილობის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს. ამ დროისთვის, ხურციძე აქტიურ კონსულტაციებს გადის იურისტებთან და დაფიქსირებული შედეგების გასაჩივრებას გეგმავს.

საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი 13 წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. ის წლების განმავლობაში იყო ბორჯღალოსნების კაპიტანი, სხვადასხვა დროს საფრანგეთის "ორილიაკის", "ორლეანისა" და "ოსერის" ღირსებასაც იცავდა. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ირაკლი აბუსერიძე მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო. 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

 

დღის ამბები