ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ზრდას დღესასწაულების პერიოდი უფრო გამოიწვევს, ვიდრე 24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება.
თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ეს, სავარაუდოდ, დრამატული ზრდა არ იქნება.
"რასაკვირველია, როცა ადამიანების მობილობა იზრდება და ჩვენ ვხედავდით, რომ ეს მობილობა გაიზარდა, ეს აისახება ეპიდემიოლოგიის მრუდზე. 15-20%-იანი ზრდა თითოეული ადამიანის ავადობას ნიშნავს, რაც ნიშნავს ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდას, რაც ძალიან სამწუხაროა, სიკვდილიანობის რიცხვზეც აისახება. თუმცა, ეს ძალიან დრამატული ზრდა არ იქნება. მე უფრო მეშინია ამ საახალწლო 2-3 დღის, რომელიც, დაახლოებით, 15 იანვრის შემდეგ გამოაჩენს თავს, ვიდრე იმ პერიოდის, რომელიც 24 დეკემბრიდან იყო. თუმცა, მინიმალური ზრდა იმ პერიოდის გავლენითაც რომ იქნება, უდავოა,"-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.