26 აპრილი 2024,   09:27
ვრცლად
ალში გახვეული რეგიონები, გადამწვარი ასეულობით ჰექტარი და დასახლებულ პუნქტებთან მიახლოებული სტიქია - რა არის მასშტაბური ხანძრების მიზეზი

თითქმის მთელი საქართველო სტიქიის ზონაა. სხვადასხვა ადგილზე გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზებას ყოველდღე ახალი კერების გაჩენა ემატება.

სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს უკვე ვერტმფრენიც ჩაერთო. დილით ის რაჭის მიმართულებით გაფრინდა, სადაც ხანძარი რამდენიმე ადგილას მძვინვარებს.

ამ წუთისთვის ქვეყნის რამდენიმე რეგიონი ცეცხლისგანაა გაწითლებული.

იმერეთში ლიკვიდირებული 4 ხანძრის შემდეგ, შეტყობინება ახალი კერის გაჩენის შესახებ დღეს ხარაგაულიდან, ჭიათურიდან და კიდევ ორი სოფლიდან შევიდა.

დილიდან ცეცხლი გაჩნდა სამეგრელოშიც - აბაშის მუნიციპალიტეტში. ხანძრის კერებია დარჩენილი წალენჯიხასა და მარტვილში. ტყე იწვის შიდა ქართლშიც, რკონთან, სადაც დასახლებული პუნქტი 11 კილომეტრითაა დაშორებული. მასშტაბური ხანძრების მიზეზი შეიძლება დაუდევრობაც იყოს. ზოგიერთ ადგილას მოსახლეობა სახნავ-სავარგულებს ცეცხლს უკიდებს, ძლიერი ქარის შედეგად კი სტიქია უკვე მიმდებარე ტერტორიებზეც ვრცელდება და ახალი კერები ჩნდება.

დღის ამბები