სიცრუე და დეგრადაცია, - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ღარიბაშვილმა სუიციდის დადასტურებულ ფაქტზე კონსპირაციული თეორიები ააგო, რასაც მალევე, კოორდინირებულად, მხარი აუბა ოპოზიციამ.
სოციალურ ქსელში სტატუსები გამოაქვეყნეს ნიკა გვარამიამ, ხატია დეკანოიძემ, ნინო ლომჯარიამ და ოპოზიციის სხვა მხარდამჭერებმა, რომლებსაც მსჯავრდებული ღარიბაშვილის განცხადებებში ეჭვი არ შეაქვთ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი ნაცმოძრაობასთან შეთანხმებულად ცდილობს გუნდის დისკრედიტაციას, თუმცა, მათი თქმით, არასერიოზული და დეზინფორმაციული კამპანიით ვერ გადაფარავს საკუთარ კორუფციულ მოქმედებებს და დანაშაულებს, რომლებიც თავადაც აღიარებული აქვს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის თქმით, "ღარიბაშვილის მოგონილი ზღაპრების" არავის სჯერა.
"ძალიან სამწუხაროა ყოფილი პრემიერისგან სამართლებრივი საკითხის პოლიტიზება და პირდაპირ ეთერში ვხედავდით კადრებს, როგორ ამოიღეს რამდენიმე მილიონი მისი სახლიდან და ოქროს ზოდები... აღიარებული აქვს ეს ყველაფერი და შემდეგ ამბობს რაღაც გაუგებარ წერილებში, რომ თურმე არაფერში დამნაშავე არ ყოფილა.
სამწუხაროდ, გუშინაც რაღაც რიგი ბოდვა ვიხილეთ. ამის ზღაპრების, რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა და ძალიან სამწუხაროა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის მხრიდან ასეთ დონეზე დაცემა. ახლა რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილი ან ელისო კილაძის დაწერილი წერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია - ძალიან დაბალი დონის საქციელია.
თან, როდესაც გუნდს უპირისპირდები რაღაცა მოგონილი ზღაპრებით, რომლისაც, სავარაუდოდ, პატარა ბავშვსაც არ სჯერა... იმისთვის, რომ შენი საკუთარი დანაშაული და რაღაც ფული რომ გაქვს მოპარული, ამით გადაფარო. ნუ, სააკაშვილის დონეზე არის დაცემული და არ ვიცი, ახლა მომავალში კიდე რა წერილს გამოაცხობს, ამისი პროგნოზირება ძალიან რთულია. თავის თავს აზიანებს პირველ რიგში ასეთი გადადგმული ნაბიჯებით, თავის თავს დისკრედიტაციას ეწევა ირაკლი ღარიბაშვილი," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.