Pfizer-ის ვაქცინის დიდი რაოდენობით მიღება საქართველოს მსგავს ქვეყანას გაუჭირდება - საკუთარ მოსაზრებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აფიქსირებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ Pfizer-ის ვაქცინის შენახვა აუცილებლად -80 გრადუსზე უნდა მოხდეს, რისი დიდი რესურსიც საქართველოს არ აქვს.
"საქართველოში შემოტანილი იქნება, მოხერხდება Pfizer-ის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონისთვის და 2 მილიონისთვის, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა Pfizer-ის არ ეყოფა, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის -80 გრადუსიანი მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ შემოიტანონ Pfizer-ის ვაქცინის რაღაც მცირე რაოდენობა და ამ მცირე რაოდენობით აიცრას მთავარი რისკის ჯგუფები," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ამ ეტაპზე საქართველო ვაქცინის შესაძენად COVAX-ის პლატფორმის საშუალებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს Pfizer-თან და AstraZeneca-სთან.