როდის შეძლებს მსოფლიო კოვიდისგან გათავისუფლებას - ამ მიმართულებით გაეროს დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტის პროგნოზები საკმაოდ სკეპტიკურია. გიორგი ფხაკაძე თვლის, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მსოფლიოს კიდევ 3 წელიწადი მოუწევს.
მედიცინის პროფესორი ამბობს, რომ ქვეყანას ახლა გადასარჩენად გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, ერთმანეთის გვერდით დგომა და სამედიცინო პირბადესა და დისტანციაზე მკაცრი რეგულაციები სჭირდება.
"თუ მთელი მსოფლიო არ იქნება ვაქცინირებული, ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მსოფლიო ვერ დაიწყებს მუშაობას ხელახლა. ამას სჭირდება დრო და რესურსი. ჩაკეტილები ვიყოთ 2023 წლამდე? ეს ხომ შეუძლებელია. დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი საზოგადო ტრანსპორტის სისტემა, მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები - ეს ხომ ყველაფერი ასამუშავებელია. ჩვენ ერთი წელიწადი ხომ დავკარგეთ, ვიკეტებით და ველოდებით. კი არ უნდა ვიკეტებოდეთ, ჩვენ უნდა ვგეგმავდეთ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ვირუსთან," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.