26 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
ალექსეი ნავალნიმ შავიზღვისპირა მდიდრულ სასახლეზე, რომელიც მისი თქმით პუტინს ეკუთვნის, ორსაათიანი ფილმი გამოაქვეყნა

ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, შავიზღვისპირა მდიდრულ სასახლეზე, რომელიც, როგორც იგი ამტკიცებს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის და რომელსაც მისი გარემოცვის ადამიანები აფინანსებენ, ორსაათიანი ფილმი გამოაქვეყნა.

შენობათა ამ კომპლექსს მედია ადრეც "პუტინის სასახლეს" უწოდებდა, მაგრამ ახლა ბევრი დეტალი გახდა ცნობილი. ფილმის შესავალ ნაწილში, რომელიც ნავალნის "იუთუბ-არხზეა" განთავსებული, ოპოზიციონერი განმარტავს, რომ ამ ვიდეოკადრების გასაჯაროება ჯერ კიდევ მაშინ ჩაიფიქრა, როცა ბერლინის საავადმყოფოში იწვა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ თანმდევ ტექსტს მხოლოდ მაშინ გამოაქვეყნებდა, როცა რუსეთში დაბრუნდებოდა.

გამოძიების ცენტრშია სასახლე გელენჯიკთან ახლოს, რომლის ფართობი 17 600 კვადრატული მეტრია და რომელსაც ალექსი ნავალნი "რუსეთის ყველაზე დიდ კერძო საცხოვრებელს სახლს" უწოდებს. როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, სასახლეში მიმსვლელებს კატეგორიულად ეკრძალებათ მობილურების შეტანა და ყველა მიმსვლელ-წამსვლელი ავტომობილი რამდენიმე საკონტროლო პუნქტში მოწმდება.

გამოკვლევის დასასრულს ავტორები ასაჯაროებენ სასახლის დაფინანსების რთულ სქემას, რომელშიც მოხსენიებული არიან ვლადიმერ პუტინის ძველი თანამზრახველები - "ტრანსნეფტის" ხელმძღვანელი ნიკოლაი ტოკარევი, "როსნეფტის" ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, ბიზნესმენები: იური კოვალჩუკი და გენადი ტიმცენკო.

სქემაში ფიგურირებენ აგრეთვე სვეტლანა კრივონოგიხი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო ნაცნობია და ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომლის ძალიან ახლო კავშირებზე ვლადიმერ პუტინთან რუსული და საერთაშორისო მასმედია ადრეც წერდა. ვიდეოს იუთუბზე ატვირთვიდან ერთ საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა, ამჟამად კი ნახვების რაოდენობა 26 მილიონს აღწევს. რუსი ოპოზიციონერი დეტალურად აღწერს ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი  მდიდრული სასახლის შესახებ ინფორმაციის მოპოვების გზებს. თუმცა ვინ დაეხმარა და ვინ მიაწოდა სასახლის შიდა სტრუქტურის შესახებ ცნობები, ნავალნი აღნიშნულს არ აკონკრეტებს, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სასახლის მიმდებარე ტერიტორია დრონებით გადაიღეს, რასაც 3-4 მცდელობა დასჭირდა.

18 იანვარს სასამართლომ ალექსეი ნავალნის აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს" აეროპორტში საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, მათ შორის, რუსეთს სანქციები დაუწესოს, თუ წევრი სახელმწიფოები ამას მიზანშეწონილად მიიჩნევენ. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჟოზეპ ბორელმა ალექსეი ნავალნის დაკავებას მიუღებელი უწოდა და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა.

დღის ამბები