27 აპრილი 2024,   00:19
ვრცლად
ვინ შეინარჩუნებს და ვინ დათმობს სადეპუტატო მანდატს - საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება

ვინ შეინარჩუნებს და ვინ დათმობს სადეპუტატო მანდატს - საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ რიგგარეშე სესიებზე საკითხის კენჭისყრა აღარ მოხდება - თემაზე მსჯელობა კომიტეტების ფორმატში გაგრძელდება.

მანდატების გაუქმებას ფორმალურ საკითხად თვლის ოპოზიციის ნაწილი და ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილება არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის და მათი მიზანი უცვლელი რჩება - ხელახალი არჩევნები.

"მცოცავი თარიღის მანდატების გაუქმების სხდომის ჩემი აზრით ცოტა ალოგიკურია იმიტომ, რომ თუ მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ გააუქმონ უფლებამოსილებები, რასაც ისინი აანონსებენ უკვე მრავალი კვირის განმავლობაში ეს უნდა გააკეთონ დროულად იმისთვის, რომ ეს საკითხი გახდეს ცხადი საზოგადოებისთვის და პოლიტიკური პროცესი განვითარდეს უკვე იმ მოცემულობით რა მოცემულობაშიც ვიქნებით გაუქმებული მანდატების პირობებში," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი ბობოხიძე თვლის, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების თემა არ შეიძლება იყოს მანდატების შენარჩუნება/არ შენარჩუნების საკითხი. მისი განმარტებით, მოლაპარაკებების თემა შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რამაც კრიზისი შექმნა.

"მანდატების შეჩერების დრომ კი არ გადაიწია, "ქართული ოცნება" არღვევს კანონს უკვე, რომ არ არის მომხდარი რეაგირება აღნიშნულ განცხადებებზე, ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" დროის მიცემასა და ესეც ხომ შანტაჟის გარკვეული ფორმაა, ჰგონიათ, რომ ვინმე გამოეკიდება ამ მანდატს, მანდატის შეჩერება/არ შეჩერება, არ შეიძლება იყოს ოპოზიციასთან ურთიერთობის თემა, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რამაც შექმნა კრიზისი," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი ბობოხიძე.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, უმჯობესი იქნება ხელისუფლებამ მანდატების თემით სპეკულაცია დაასრულოს.

"მანდატების თემა ახლა გადაწიეს რაღაცა ხნით, მაგრამ საბოლოო ჯამში უვადოდ ვერ გადაიდება. ამიტომ უახლოეს კვირებში ეს თემა დასრულდება და პირიქით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ იმის გამბედაობა მაინც გეყოთ, რომ დააკმაყოფილოთ ეს მანდატების თემა და შესაბამისად ეს სპეკულაციები მორჩება. შედის, არ შედის, ვინ შედის, ვიღაცა მოისყიდეს, არ მოისყიდეს, ამიტომ მოვუწოდებ, რომ დაასრულონ ეს თემა," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

"ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ მანდატების სავარაუდო გაუქმების მიუხედავად აუცილებელია დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაგრძელდეს.

"ჩვენ ველოდით, რომ მანდატების გაუქმებაზე ჩვენი დაწერილი განცხადებები დაკმაყოფილდებოდა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, მაგრამ ხელისუფლებამ დაარღვია კანონი, არ გააუქმა მანდატები, მაგრამ არც არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულიყო. ახლა მანდატები გაუქმდება და ეს რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო, ამის მიუხედავად აუცილებელი არის, რომ გაგრძელდეს დიალოგი," - აცხადებს საბა ბუაძე.

როგორც "გირჩი - მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ იგივე პოზიციაზე, როგორზეც მანდატზე უარის თქმის დროს იყო. მისი განმარტებით, მას მერე არაფერი შეცვლილა და შესაბამისად არც მისი პოზიციაც.

"მე როცა დავწერე განცხადება, რომ მანდატზე უარს ვამბობდი მას შემდეგ რეალობა არ შეცვლილა, იგივე მოცემულობა გვაქვს ზუსტად, რაც მანამდე იყო, შესაბამისად ჩემი პოზიციაც იგივეა. რომ მომხდარიყო რაღაცა პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც განმუხტავდა პოლიტიკურ კრიზისს და ოპოზიცია შევიდოდა პარლამენტში, მაშინ გვექნებოდა სხვა რეალობა, მაგრამ არ გვაქვს ეს რეალობა," - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

დღის ამბები