05 მაისი 2024,   00:09
ვრცლად
როგორი იქნება ნოქალაქევის რეაბილიტირებული მუზეუმ-ნაკრძალი - სამუშაოები 2021 წელს დასრულდება

სამეგრელოში, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები და შენდება მუზეუმი, რომელიც სიძველეს შეინარჩუნებს და თანამედროვეობასაც მოერგება. ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის აღდგენითი სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. ამ ეტაპზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტაძრის კედლის მხატვრობის და ფასადის აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. დასრულდა ნაქალაქარის მთავარი გალავნისა და ციტადელის შემაერთებელი საფეხმავლო ბილიკის კეთილმოწყობის სამუშაოებიც. დასკვნით ფაზაშია ქვედა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურული პროექტიც.

ისტორიული კონტექსტის შენარჩუნებისთვის, ნაქალაქარის ტერიტორიაზე განთავსდა ანტიკური პერიოდის მეომართა ლითონის ბადისაგან დამზადებული საიმიტაციო ფიგურები და ხის კონსტრუქციის საბრძოლო მანქანები.

ნოქალაქევის სრულად რეაბილიტაციის შემდეგ, ტერიტორიაზე ვიზიტორებს ელექტროტრანსპორტი მოემსახურება. ახალი ტრანსპორტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში დახმარების გარდა, ტრანსპორტი გარემოსთვის ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

ავტორი: ნინი კუპრაძე

დღის ამბები