17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
გიორგი ვაშაძე "ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის დადებული მემორანდუმის პუნქტობრივ შედარებით ანალიზს გამოაქვეყნებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მმართველ პარტიასთან დამოუკიდებლად რაიმე მემორანდუმის გაფორმებას გამორიცხავს. ამის შესახებ მან დღის კურიერის ეთერში ისაუბრა:

"ინდივიდუალურად მმართველ გუნდთან ყოველგვარი მემორანდუმის გაფორმებას გამოვრიცხავ, ნებისმიერი დოკუმენტი, რასაც ჩვენ ხელს მოვაწერთ, აუცილებლად სჭირდება დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობა. იმიტომ რომ, ჩვენ გვინდა მეტი გარანტია იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" რაღაცას არ მოგვატყუებს და არ გადაგვაგდებს რაღაც დროის პერსპექტივაში, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, არასწორია ალეკო ელისაშვილის მტკიცება, რომ მათ მემორანდუმში იმ საკითხებზე მოხდა ხელმოწერა, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების რაუნდებზე  შეთანხმდა:

"თითქოს საკითხები იმ ნაწილში, რასაც ეს მემორანდუმი მოიცავს, იგივეა, მაგრამ შინაარსი ამ საკითხების გადაწყვეტის მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ შეთანხმებისგან, რაც ჩვენ გვქონდა. ამის პუნქტობრივად გაწერილ შედარებით ანალიზს მე ხვალ გამოვაქვეყნებ. თუ ისინი ნახავენ, რომ ფუნდამენტური განსხვავებებია, მაშინ რას აპირებენ. მაგალითად, კომისიის წევრების სრულად გადაბარება "ქართული ოცნებისთვის" ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ, ეს კიდევ უფრო მეტ უნდობლობას გააჩენს შემდგომი არჩევნებისთვის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, მემორანდუმის ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრების საკითხს ეხება, ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერშიც" ისაუბრა.

რამდენად სახიფათოა ჩანაწერი მემორანდუმში, რომ ცესკოს შემადგენლობაში პროფესიული ნიშნით შერჩეული პირების გარდა ცესკოში წარმომადგენელი ეყოლება ყველა იმ პარტიას, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატით.

აღნიშნული  ჩანაწერის საკანონმდებლო ინიციატივად ქცევის შემდეგ, ხომ არ შეექმნებათ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს საფრთხე, რომ მათ ცესკოში წარმომადგენელი ვეღარ ეყოლებათ, - ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა "მოქალაქეების" ლიდერებს "ღამის კურიერში" მოუწიათ.

დღის ამბები