რამდენად სახიფათოა ჩანაწერი მემორანდუმში, რომ ცესკოს შემადგენლობაში პროფესიული ნიშნით შერჩეული პირების გარდა, ცესკოში წარმომადგენელი ეყოლება ყველა იმ პარტიას, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატით.
აღნიშნული ჩანაწერის საკანონმდებლო ინიციატივად ქცევის შემდეგ, ხომ არ შეექმნებათ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციური პარტიებს საფრთხე, რომ მათ ცესკოში წარმომადგენელი ვეღარ ეყოლებათ, - ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა "მოქალაქეების" ლიდერებს "ღამის კურიერში" მოუწიათ.
"ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის, ეს ჩანაწერი ჩვენი მოგონილი არაა და არც "ქართული ოცნების", ეს ჩანაწერი გაკეთდა მოლაპარაკების რაუნდებისას ელჩების თანდასწრებით. მოლაპარაკებებში მონაწილეობა ნიშნავდა, რომ ოპოზიცია თავის მხრივ იღებდა პასუხისმგებლობას, რომ თუ შევთანხმდებოდით, ხელს მოაწერდა დოკუმენტს და შემოვიდოდა პარლამენტში. ეს თავისთავად იგულისხმებოდა, შესაბამისად, ეს რაღაცა ხიფათი ჩვენ აქ არ ჩაგვიწერია, უბრალოდ, ისინი არიან ზედმეტად გაჯიქებულები. ეს ელჩებთან შეთანხმებულია, ჩვენ არც მიგვიმატებია, არც გამოგვიკლია არაფერი, ეს საპასუხისმგებლო ჩანაწერია, ერთადერთი, მე ვისურვებდი, რომ "ქართულმა ოცნებამ" უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეხედოს და 2 თებერვალს არ გაუუქმოს დანარჩენ ოპოზიციას მანდატები, ვინც მოხვდა პარლამენტში,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.