17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრება აუცილებელია. გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეების და ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან წესების დაცვა ეფექტურად უნდა მოხდეს. 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ წესების ნებისმიერ მიზანმიმართულ დარღვევას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით.

"ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ჩვენ წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ, ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმისა, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაცია, ვერ მოიგონა.

ამიტომ ჩვენ ყველფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს წესები დავიცვათ ეფექტურად. ეს ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია. ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ წესების ნებისმიერ მიზანმიმართულ დარღვევას, გარდა იმისა, რომ როგორც შედეგი, მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და იმ დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით და გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად სამართლიანი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები