სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც "ქართული ოცნებისა" და "მოქალაქეების" მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში ასახული პუნქტების კანონპროექტებად გარდაქმნაზე იმუშავებს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებები ვერ შეცვლის ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას, რომელიც ახალ არჩევნებს გულისხმობს:
"არანაირი საარჩევნო ცვლილებები და არანაირი სხვა თემები ვერ გადაფარავს იმ მთავარ საკითხს რასაც ჰქვია ახალი არჩევნები ქვეყანაში. ეს ცვლილებები უნდა განიხილებოდეს პაკეტში ახალ არჩევნებთან ერთად. ასე რომ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის უცვლელი,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი კი ამბობს, რომ მემორანდუმი შექმნილია იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მოლაპარაკებაზე "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა და რომელზეც ოპოზიციას უარი აქვს ნათქვამი. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკურ ძალებზე საუბრისას ლევან თარხნიშვილმა პარტია "მოქალაქეებიც" "ქართულ ოცნებად" მოიხსენია:
"მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერენ "ქართული ოცნება" და ახლა უკვე "ქართული ოცნება", არის ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგინა "ქართულმა ოცნებამ" მოლაპარაკებაზე და რომელზეც უარი უთხრა "ევროპულმა საქართველომ" და მთლიანად ოპოზიციამაც, შესაბამისად რატომ უნდა დავუბრუნდეთ ამ დოკუმენტს, აბსოლუტურად გაუგებარია და ჩვენ ველით ახალ ადეკვატურ შეთავაზებებს," - აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.
მემორანდუმში შემავალი საკითხების პრობლემურობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც.
"ჩვენ გამოვაქვეყნეთ საჯაროს ის 7 პუნქტი, რომელიც პრობლემურად მიგვაჩნია ამ მემორანდუმში. განსხვავება დიპლომატებთან შეთანხმებულ საკითხებსა და ამ ხელმოწერილ მემორანდუმის საკითხებს შორის. ეს გამოვაქვეყნეთ საჯაროს იმისთვის, რომ ვინც შევიდა პარლამენტში, მათაც იცოდნენ, სად არის პრობლემა. რაც შეეხება "ქართული ოცნების" მოწოდებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ეს, მე მგონი, რომ უადგილო მოწოდებაა," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
რაც შეეხება პარტია "გირჩს", იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუ იქნება არჩევნების პროპორციული სისტემითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარების პირობა, ისინი მზად არიან შეთანხმებას ხელი მოაწერონ და სხვებსაც მოუწოდონ ამისკენ:
"პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით ჩვენი მოთხოვნა იყო თავიდანვე ეს და არ შეგვიცვლია. როგორც კი ეს მოთხოვნა დაიდება ჩვენ ყველაფერს მოვაწერთ ხელს და სხვასაც მოვუწოდებთ," - განცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნებისა" და "მოქალაქეების" მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში ასახული პუნქტების კანონპროექტებად გარდაქმნაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. ამ მემორანდუმის საფუძველზე "ქართულმა ოცნებამ" მასშტაბური საარჩევნო რეფორმა დააანონსა.