"ქართულ ოცნებაში" აბსურდულს უწოდებენ იმ ბრალდებებს, რომელიც მათი ოპონენტებისგან ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარების გამო ისმის.
მმართველი გუნდის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და ამას პოლიტიკოსობასთან კაშირი არ აქვს.
"ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს დეპუტატი, თუ არა დეპუტატი, ვალდებულია, დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას. აბსურდული განცხადებაა, კანონის მორჩილება თუ ხელის გადაგრეხვაა, ვიცით, რომ, ზოგადად, ოპოზიციას ახასიათებს აბსურდული განცხადებები, მაგრამ მე არ მგონია, რომ რომელიმე ცივილიზებულ ადამიანს ეგონოს, რომ კანონმორჩილება ხელის გადაგრეხვაა,"-განაცხადა მან.
"ოცნების" კიდევ ერთი წევრი, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ნიკა მელია უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში კი, სახელმწიფომ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს.
"მას შეეფარდა ახალი გირაო, რომელსაც ის არ დაექვემდებარა და არ აღასრულა. ის იმისთვის, რომ ეს სპეკულაციები გააგრძელოს და ამ სპექტაკლის სცენარს მიჰყვეს, ჯიუტად აგრძელებს ამის აღუსრულებლობას. ის დაიბარეს გენერალურ პროკურატურაში გასაფრთხილებლად, და ეს არის პროცესუალურად დადგენილი ფორმა, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაში პროკურატურა გაატარებს კანონით დადგენილ ზომებს.
როდესაც ის უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს, როდესაც ფეხქვეშ თელავს და სახელმწიფოს და კანონმდებლობას არაფრად არ თვლის, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი, ადეკვატური პასუხი იქნება ყოველთვის,"-განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარი თქვა.