17 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ!"- ნიკა მელია დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებული პირობების შესრულებას და გირაოს სახით დამატებით 40 000 ლარის გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ! ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი"- აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების  შესაცვლელად მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ხელმეორედ შეწყვეტაა საჭირო, შესაბამისი განცხადებების მიუხედავად, პარლამენტს არც ნიკა მელიასთვის და ოპოზიციის სხვა წევრებისთვის მანდატები, ჯერჯერობით, არ გაუუქმებიათ.

"ოპოზიციური სიით გასული დეპუტატები ვითხოვთ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონშოთაძე-ფარცხალაძე-ივანიშვილის პროკურატურამ, თქვენ იცით, რომ ერთკვირიანი გაფრთხილება მომცა და რა უნდა ქნან, ჩემზე კარგად იციან. მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს. უნდა გაგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოითხოვონ ის, რაც უკვე ერთხელ მოითხოვეს და 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინეს, იგივე უნდა გააკეთონ და ასე შეწყვეტენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ყელგამოღადვრით ვეხვეწები, ვეხვეწები, ვეხვეწები, მაგრამ მაინც არ აჩერებენ. ამიტომ, რას გააკეთებს "ქართული ოცნება" ეს მათი გადასაწყვეტია, ჩემი ნება არის გაცხადებული," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების საფუძველი, პროკურატურის მტკიცებით, ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი  სამაჯურის მოხსნა გახდა.

ნიკა მელია პროკურატურაშია დაბარებული. უწყების ცნობით, ნიკა მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა. ასევე განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას  ეკვივალენტური  უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

შეგახსენებთ, ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით.

დღის ამბები