17 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის მოხსენიებული, როგორც რუსეთის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი უკრაინასთან ერთად - დავით ზალკალიანი

სატელეფონო ზარი მოსკოვში და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - თუ ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბრის დროს საქართველო არცერთ მხარეს უხსენებია, ასე არ ყოფილა სახელმწიფო მდივანსა და სერგეი ლავროვს შორის შემდგარი კომუნიკაციის შემთხვევაში.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში დამტკიცებულმა ენტონი ბლინკენმა დიპლომატიურ საკითხებში კრემლის მთავარ წარმომადგენელს უთხრა, რომ დაუშვებელია აგრესია და რუსეთის პოლიტიკა აზიანებს შტატების მოკავშირე ქვეყნებს - საქართველოს და უკრაინას.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "კურიერთან" აღნიშნა, მსგავსი სახის კომუნიკაცია ბაიდენის ადმინისტრაციასა და რუსეთს შორის მომავალშიც იქნება და იქნება ძალიან მკაფიო და მძაფრი გზავნილები. დავით ზალკალიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოხსენიებულია, როგორც რუსეთის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი უკრაინასთან ერთად.

"მსგავსი სახის კომუნიკაცია, რომელიც შედგა გუშინ სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც იქნება, იქნება ძალიან მკაფიო და მძაფრი გზავნილები, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატების ამ ადმინისტრაციისთვის დამახასიათებელია საერთაშორისო სამართლის ნორმების ერთგულება და პატივისცემა და განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებენ იმ ქვეყნებთან მიმართებაში, ვინც არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და პრინციპებს და რუსეთის ფედერაცია, მოგეხსენებათ, ამ საქმეში ჩემპიონია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის მოხსენიებული, როგორც რუსეთის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი უკრაინასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამერიკის პოლიტიკური პრიორიტეტების მთავარი დღის წესრიგში.

გარდა ამისა მინდა აღინიშნოს, რომ ეს არის შედეგი ჩვენი უკვე აქტიური მუშაობისა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები