"ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს 40 ათასი ლარის გადახდას და პირიქით, პროკურატურამ ის 30000 ლარი უნდა დაუბრუნოს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მან, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდებული გირაოსთვის გადაიხადა.
"როდესაც ეს უსამართლობის სიმბოლო -სამაჯური რუსთაველის გამზირზე პროტესტის ნიშნად მოვიხსენი და გავთავისუფლდი, პროკურატურა ვალდებული იყო ან მოსულიყო ჩემთან სახლში 2 ნოემბერს და კანონისმიერი მოთხოვნა წაეყენებინა და ეთქვა - ნიკანორ მელია, შენ არასწორად მოიქეცი გუშინ რუსთაველის გამზირზე და აი, შენ ახალი სამაჯური, მოდი გაგიკეთო. ან ეს უნდა გაეკეთებინა ან თუ მე კანონი დავარღვიე უნდა დავეპატიმრებინე.
იცით რა გააკეთა პროკურატურამ? წავიდა შუამდგმლობით სასამართლოში და მიუხედავდ იმისა, რომ წელიწადნახევარი მელიას ხელზე სამაჯური გავუკეთეთ და ამით დადიოდა, კი ბატონო, მოისროლა რუსთაველზე, მაგრამ ჩვენ ახლა ვიფოქრეთ, ვიფიქრეთ და აბსოლუტურად არაეფექტური ღონისძიება იყო ეს სამაჯური და მოითხოვა გაუქმება. და მოსმართლემ ეს სამაჯური მომხსნა როგორც ვალდებულება ვატარო, პასპორტიც დამიბრუნეს და პირადობის მოწმობა. გავიდა იმის შემდეგ 3 თვე და ახლა ვიღაცას, რაღაცა თავში იდეა დაებადა, განცხადებას ავრცელებს მელიამ ახლა 40 ათასი ლარი გადაიხადოს გირაოს სახით, არათუ 40 ათასი ლარი გადავუხადო, ის 30 ათასი ლარი რომელიც გადახდილია, ისიც უნდა დააბრუნოს", – განაცხადა ნიკა მელიამ.