საერთაშორისო საზოგადოების კიდევ ერთ გამოხმაურებას და მოწოდებებს ოპოზიციისადმი, რომ შევიდნენ პარლამენტში, ხელისუფლების ოპონენტები პასუხობენ. პარლამენტში შესვლის იდეას, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები ისევ უარით პასუხობენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობა დიდია, რომელმაც საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისი შედგეს.
"ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავენ იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება გაჯანსაღდეს და ეს კრიზისი განიმუხტოს და ეს გზავნილები სწორედ კრიზისის განმუხტვისკენ იყო მიმართული, თუმცა ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს და ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ადასტურებენ, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ კრიზისში არის ძალიან დიდი და მათ უნდა გადმოდგან საპასუხო ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს კომპრომისი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის," - განაცხადა საბა ბუაძემ.
წერილთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა. ის აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების პათოსს სრულად იზიარებენ.
"ჩვენი პოზიცია ამ პროცესში რაღაცნაირად ყოველთვის ემთხვეოდა შუამავლების პოზიციას. მთლიანი პროცესის განმავლობაში და დღესაც, როდესაც ევროპარლამენტარებმა ესეთი განცხადება გააკეთეს, იმავე დროს, გვერდზე აღნიშნეს, რომ ქართული ოცნების რიტორიკაც და კონკრეტული ქმედებები არ უნდა იყოს ამ პროცესისთვის დამაზარალებელი და მთავარი ამბავი რასაც "გირჩი" ამდენი დღის განმავლობაში ვამტკიცებთ საჯარო სივრცეში არის ის, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ სიძულვილის და დაპირისპირების რამენაირად შეჩერება," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ვიოლა ფონ კრამონი "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის ახალა ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატების აღებაა. ევროპარლამენტარი საუბრობს არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე, მაგრამ აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაყალბების მასშტაბი შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა. ევროპელი პოლიტიკოსი ამ დასკვნის საფუძვლად არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს ასახელებს.