19 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით სოფელ ქვემო ჭალაში აქცია მიმდინარეობს

თავისუფლება ზაზა გახელაძეს - ამ მოწოდებით  სოფელ ქვემო ჭალაში, გატაცებულის მშობლიურ სოფელში, აქცია იმართება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს და მის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"შევეცდებით, რომ ჩვენს ირგვლივ გავაერთიანოთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტები. საზოგადოებაც შემოგვიერთდება, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა, საქართველოს პრობლემაა და ყველა უნდა გავერთიანდეთ,"- აცხადებს აქციის მონაწილე.

"2008 წელს, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება რუსეთს რომ შეესრულებინა, ახლა ეს არ მოხდებოდა და ეს შედეგები არ იქნებოდა. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ შემოიფარგლონ მხოლოდ სიტყვიერი მოწოდებებით და ქმედითი ნაბიჯები  გაატარონ რუსეთის ფედერაციასთან. საერთაშორისო დონეზე უნდა მოვითხოვოთ მხარდაჭერა, ეს არ არის პირველი და არც ბოლო შემთხვევა იქნება თუ ასე გაგრძელდა,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ტყვეობის მორიგი ფაქტი საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა ერთხმად დაგმეს, საკითხზე მუშაობის გააქტიურება პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა.

"საზარელი ინფორმაციია, რომ ჩემს შვილს 12.6 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, უდანაშაულოს. სახელმწიფოსგან და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა და ისევ მაგათი იმედი მაქვს, რომ ჩემს შვილს ამ წლებს იქ არ გაატარებინებენ და იქ არ დააბერებენ,"- ამბობს "კურიერთან" ზაზა გახელაძის დედა  ნანა ბუნტური.

 

დღის ამბები