პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში კრიზისი უნდა დასრულდეს, რომელიც ერთი ადამიანთა ჯგუფის მიერ მეორის დევნას ნიშნავს. რაქვიაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში არავის არ აქვს შიში, რომ თუ წააგებს პარტია არჩევნებს, დევნის ობიექტი გახდება იმ პარტიის მიერ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული იქნება.
მისი თქმით, გამოსავალი უბარიერო პროპორციული არჩევნებია და თუ ამის მიღწევა ქვეყანაში შესაძლებელი გახდება, შიში გაქრება, რომ მომდევნო არჩევნებში გამარჯვებული პარტია ადამიანებს დევნას არ დაუწყებს.
"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პოლიტიკური კრიზისი დავასრულოთ და კრიზისის დასრულება ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ გვექნება სისტემა, სადაც ერთი ადამიანთა ჯგუფი დევნის მეორე ადამიანთა ჯგუფს და ორივე ეს ჯგუფი ცდილობს ერთპიროვნულად, ერთპარტიულად მართოს ეს ქვეყანა. ამის რეცეპტი არის ეს უბარიერო პროპორციული არჩევნები. საბოლოო ჯამში, ჩვენ თუ ამას მივაღწევთ, ჩვენ აღარასდროს არ გვექნება შიში, რომ მომდევნო არჩევნებში ვიღაც მოიგებს და ციხეში ჩაგვსვამს, მაგალითად. თუ დავინახავთ რამდენად მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნები ბარიერების გარეშე, მივხვდებით, რომ ვადამდელი არჩევნები მეორეხარისხოვანი პრობლემაა საერთოდ. იმიტომაც ეშინია "ქართულ ოცნებას" ვადამდელი არჩევნების.
ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვადამდელი არჩევნები არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ყველაზე ეფექტიანი გზა. რამე ეჭვი გაჩნდა, დაძაბულობა მოხდა, შეიცვალა მმართველი გუნდის რეიტინგი, ინიშნება ვადამდელი არჩევნები და ცხოვრება გრძელდება. მაგრამ ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში იმიტომ, რომ არავის არ ეშინია, რომ თუ წააგებს პარტია არჩევნებს, მეორე პარტია მერე დევნას დაიწყებს, ციხეში ჩასვამს და ა.შ. ჩვენთან პირიქით ხდება, როგორც კი ვიღაც მოიგებს, მეორე პარტიას უჩნდება პრობლემა. ფაქტობრივად, ჩვენი მთელი პოლიტიკური ცხოვრება იმაზეა აწყობილი, როგორ ერთპიროვნულად მოვიპოვო ძალაუფლება და მერე დავჩაგრო, რეპრესიები მოვაწყო ჩემი ყოფილი მოწინააღმდეგეების მიმართ. თუ ამას დავასრულებთ, ჩვენ არც ერთ პარტიას, არც "ქართულ ოცნებას", არც "ნაციონალურ მოძრაობას" არ ექნება იმის შიში, რომ რაღაც რეპრესიები იქნება, თუ არჩევნებს წააგებს, მაშინ ყველა დათანხმდება მორიგ არჩევნებზე, არ ექნება პრობლემა," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.