17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
შეძლებს თუ არა "გირჩი", ბარიერის დაწევის შემთხვევაში, პარლამენტში მინიმუმ 13 ოპოზიციონერი შეიყვანოს - პარტია "ოცნებისგან" მეტ დაზუსტებას ითხოვს​

მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი არჩევნებისთვის ე.წ. ბუნებრივი ბარიერის საკითხი განიხილოს, "გირჩი" მმართველი გუნდისგან მეტ დაზუსტებას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ თუ ოცნება 0%-იანი ბარიერის შესახებ დეკლარირებულად განაცხადებს, ისინი მზად არიან, საკანონმდებლო საქმიანობა დაიწყონ.

პარტიის ლიდერების თქმით, უბარიერო სისტემაზე შეთანხმების შემთხვევაში, ისინი მზად არიან, კოლეგა ოპოზიციონერების დიდ ნაწილს გარკვეული პირების გავლენიდან გამოსვლაში დაეხმარონ, რაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 დეპუტატის ყოფნას უზრუნველყოფს.

"გირჩის" ოპტიმიზმს არ იზიარებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში და აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტის დასრულება მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. 

ბარიერთან დაკავშირებით "ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. 

რა ფორმით შეცვლის საარჩევნო ბარიერს "ქართული ოცნება", "გირჩისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების არგუმენტებზეა დამოკიდებული - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. 

საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით წინადადება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელდა. დაიკავებს თუ არა "გირჩი" კუთვნილ საპარლამენტო ადგილს, უბარიერო სისტემასთან დაკავშირებით, "ოცნების" თანხმობაზეა დამოკიდებული.

დღის ამბები