"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნება" პარლამენტში დაარეგისტრირებს ნულოვანი ბარიერით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ინიციატივას, ის ერთჯერადად მივა პარლამენტში და კენჭისყრაზე მხარს დაუჭერს ამ საკითხს.
"ჩვენ დღეს ვართ ბოიკოტის რეჟიმში და ვრჩებით. პოლიტიკურ ბოიკოტში გადაგვიყვანა "ქართულმა ოცნებამ" და ამიტომ მანდატს, რომელსაც ის მე არ მიუქმებს, გამოვიყენებ, რომ მას ვაიძულო, მომავალში არ იყოს ასეთი პოლიტიკური კრიზისი. ამ ხელისუფლებამ, განსხვავებით ყველა სხვა ხელისუფლებისგან, იქნებ გაბედოს და დაარეგისტრიროს ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა და მაშინ ვნახოთ, როგორი პოზიციები იქნება ოპოზიციურ პარტიებში. ეს არ თმობს არცერთ მოთხოვნას, არც რიგგარეშეზე, არც პოლიტპატიმრებზე და არც ბოიკოტზე.
მამუკა მდინარაძემ თქვა, შემოდით პარლამენტშიო. მან იცის, რომ ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში და ძალიან მძიმე ვითარებაშია ქვეყანა, აბსურდულ ვითარებაში, სტაგნაციაში პოლიტიკური თვალსაზრისით. არავინ არ აჟღერებს რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში. ჩვენ ვამბობთ, ოპოზიციური პარტიები, კონსულტაციების რეჟიმში ვართ და აუცილებლად დავიწყებთ აქციებს, რომელსაც ელოდება ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, მაგრამ, ამის პარალელურად, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური დისკუსია უნდა გაძლიერდეს და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვათქმევინოთ "ქართულ ოცნებას", რომ დესტრუქცია და რადიკალიზმი იქ არის და არა ქართულ ოპოზიციაში.
ჩვენ "ქართული ოცნების" მძევლობას არ ვაპირებთ, დაარეგისტრიროს "ქართულმა ოცნებამ" ბუნებრივი ბარიერი და თქვას, მოდით, ვუყაროთ კენჭი. ხათუნა სამნიძე მივა ამ კენჭისყრაზე," - განაცხადა მან.