გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ნიკა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი.
ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას მიერ 2020 წლის 1 ნოემბერს სამაჯურის მოხსნამ და გადაგდებამ დააყენა დღის წესრიგში, რომ მის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი დამდგარიყო.
"ეს არის ალბათ პირველი შემთხვევა, როდესაც დაცვის მხარე თანხმდება, რომ კანონით, პროკურატურას უნდა მოეთხოვა პატიმრობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მოითხოვეს გირაო. ალბათ, პირველი შემთხვევაა, როდესაც დაცვის მხარე პროკურატურას ბრალს დებს არამკაცრი პოლიტიკის გატარებაში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით, არამედ ლმობიერ მიდგომაში ბრალდებულთან მიმართებით და საკითხი არის გირაოს შეფარდება, რომელიც განხორციელდა 2020 წლის 3 ნოემბერს.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსურად იქნას განხილული გარკვეული გარემოებები. 2019 წლის 27 ივნისს მოხდა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება, 2 ივლისს, ანუ დაახლოებით 5 დღის შემდეგ, დამატებით სააპელაციო სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა ელექტრონული მონიტორინგი. ორივე სასამართლომ, იმ პერიოდში, შეამოწმა მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდი სტანდარტია.
ამის შემდგომ, ნიკანორ მელიამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა გირაოს სახით განსაზღვრული ფულადი თანხა, განათავსა ის შესაბამის ანგარიშზე და დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში კანონის სრული დაცვით ახდენდა სამაჯურის ტარებას, რომელიც პოლიტიკური პერფორმანსის სახით 2020 წლის 1 ნოემბერს მოიხსნა და გადააგდო. სწორედ ამ მოცემულობამ დააყენა დღის წესრიგში მის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი," - ამბობს ამირან გულუაშვილი.