ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები კვლავ ამაოდ ითხოვენ ტყვეების გათავისუფლებას. 2 თებერვალს გატაცებული მალხაზ ბეღელურის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მძიმე ავადმყოფია, ინსულტი ორჯერ აქვს გადატანილი და პატიმრობა მის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
"ერთადერთი, ვიცი, რომ 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იქიდან არაფერი არ ვიცი. "წითელი ჯვარი" იყო მოსული, წერილი დაგვაწერინეს, იქნებ მივაწოდოთ," - ამბობს მალხაზ ბეღელურის დედა, ნინო ბეღელური.
ზაზა გახელაძის ოჯახი კი ოკუპირებული ცხინვალიდან ადვოკატის ზარის მოლოდინშია. მათ ჯერ არ იციან გასაჩივრდება თუ არა სასჯელი.
"დღეს გავიგებთ, თუ რამე სიახლე იქნება, რას ფიქრობს ზაზა ამ გასაჩივრებასთან დაკავშირებით," - აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი. მისი თქმით, წინა კვირაში ოჯახმა წითელი ჯვრის საშუალებით მიიღო წერილი, სადაც ზაზა გახელაძე წერს, რომ ჯანმრთელობის მხრივ კარგადაა.