17 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ახალი გაერთიანება გიგა ბოკერიას გამოკლებით - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ახალი პოლიტიკური ცენტრის საჭიროებაზე საუბრობს 

ერთ მაგიდასთან მყოფი ოპოზიცია ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევის პროცესშია. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ახალი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრის ჩამოყალიბებაზე საუბრობს, თუმცა მას მიუღებლობა აქვს იმ პარტიის, რომლის რიგებშიც მთავარი, გიგა ბოკერია იქნება.

კონსულტაციებს "სტრატეგია აღმაშენებელთან" არ აპირებს თავად გიგა ბოკერიაც.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ფიქრობს, რომ აუცილებელია გადახალისება, სადაც წინა რიგებში ახალი სახეები უნდა იყვნენ, ხოლო ძველმა ლიდერებმა, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს, შედარებით უკანა პლანზე უნდა გადაინაცვლონ.

"საერთო ოპოზიციურ ფორმატზე ეს გავლენას არ იქონიებს. ამან შეიძლება გავლება იქონიოს თვითონ პარტიის, "ევროპული საქართველოს" შიგნით, მაგრამ გარეთ ეს საერთო ოპოზიციურ ფორმატში არ და ვერ იქონიებს გავლენას, იმიტომ რომ ეს ადამიანები, სადაც არ უნდა იყვნენ, ბოკერია, უგულავა, ბაქრაძე, არიან იგივე აზრზე, იგივე პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. ამიტომ, საერთო ოპოზიციურ ფორმატზე ეს არ იმოქმედებს. ეს იმოქმედებს შიდაპარტიულ განლაგებაზე და სტრუქტურებზე," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძე. 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ რაიმე ახალი გაერთიანების შესახებ, ამ ეტაპზე, საუბარი არ არის და ახლა მთავარია, მოხდეს შეთანხმება "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

"ახლა არის ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისი და ბუნებრივია, რომ ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია ამ კრიზისის დასრულებაზე. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ყოველდღიურად სიტუაციას ამწვავებს, პოლიტიკურ დევნას ააქტიურებს, არანაირ ახალ ფორმაციებზე საუბარი არ არის, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის რომ მოხდეს შეთანხმება "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს კრიზისი, რაც შეიძლება ნაკლები ზიანით დავასრულოთ ქვეყნისთვის," - განაცხადა საბა ბუაძემ.

დღის ამბები