17 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
1 დღე იმუნიტეტის მოხსნამდე და დაანოსებული წინააღმდეგობა - ნიკა მელიას საპარლამენტო განაჩენამდე "გირჩმა" ოპოზიციის "თამაში" დატოვა 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებასა და შესაბამისად, იმუნიტეტის მოხსნამდე ერთი დღე დარჩა. მელიამ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და თავს პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლად მიიჩნევს; პარალელურად, აქციებიც დააანონსა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მიღწევას ქუჩის პროტესტით გეგმავს.

ენმ-ს თავმჯდომარის პოზიციას მხარდაჭერა სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმაც გამოუცხადეს. პოლიტიკოსებმა, ნიკა მელიას დაკავების მცდელობის შემთხვევაში, სამართალდამცველებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევაც დააანონსეს.

პარალელურად, "ქართულ ოცნებაში" ღიად აცხადებენ, რომ მზად არიან ოპოზიციონერ ლიდერს, რომელსაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებისას გადატრიალების მცდელობაში ედება ბრალი, დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერონ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მელიას გირაოს თანხის გადახდის ქონებრივი შესაძლებლობა აქვს, თუმცა, სამართლებრივი პროცესების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას ცდილობს.

ამავდროულად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერი შეკრება "გირჩმა" დემონსტრაციულად დატოვა. პარტიის ლიდერებმა კოლეგები მიხეილ სააკაშვილის თამაშში მონაწილეობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს დესტრუქციის გარდა გეგმა არ გააჩნია.

ნიკა მელიას მისთვის შეფარდებული გირაოს - 40 000 ლარის გადასახდელად ერთი დღე აქვს დარჩენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ საკანონმდებლო ორგანო მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას უყრის კენჭს. 

 

დღის ამბები