"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით პროკურატურა სასამართლოს ამ წუთებში მიმართავს. საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა საქმის პროკურორი.
მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს პარლამენტმა იმუნიტეტი შეუჩერა, პროცესები სწორედ საქალაქო სასამართლოში გადადის. მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გამკაცრდება თუ არა აღკვეთის ღონისძიება.
პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, სასამართლომ სხდომა 24 საათის ვადაში უნდა ჩანიშნოს, თუმცა, დღეს მოხდება ეს თუ ხვალ, უშუალოდ სასამართლოს გადასაწყვეტია.
"შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე უკვე ჩაბარებულია სასამართლოში. დაველოდებით სასამართლოს სხდომას და უკვე სხდომაზე ყველასათვის გახდება ცნობილი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. როდის ჩაინიშნება სხდომა, ამას სასამართლო წყვეტს. კანონმდებლობით არსებობს გარკვეული ვადა, თუმცა სასამართლოს გადასაწყვეტია. 24 საათიანი ვადაა, ეს შეიძლება იყოს დღეს ან ხვალ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია,"-განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
დღეს საქმე გააკეთა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, დაესწრება თუ არა ნიკა მელია სასამართლო პროცესს, ეს საკითხის განხილვას ხელს ვერ შეუშლის.
"დღეს ბრალდების მხარე მიმართავს შუამდგომლობას. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ სასამართლომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, თუმცა საათობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის, უზრუნველყოს შესაბამისი სხდომის გამართვა. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის გამოცხადება მისი ვალდებულებაა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მისი გამოუცხადებლობა არ აფერხებს საკითხის განხილვას. რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, ჩემი აზრით, ქვეყანაში არსებობს აღსრულების მყარი მექანიზმები, იმისთვის რომ მოხდეს, მათ შორის, პატიმრობის თაობაზე მოსამართლის განჩინების შესრულება,"-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია სასამართლოზე არ გამოცხადდება.
"ჩვენ წარვადგენთ ჩვენს არგუმენტებს. სამართლებრივი პროგნოზის გაკეთება ძნელია, ვინაიდან ეს საქმე თავიდანვე გასულია სამართლებრივი სივრციდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, არავინ იცის. რაც შეეხება ნიკა მელიას გამოცხადებას - ნიკა მელია, როგორც არ აპირებს სასამართლოზე გამოცხადებას. მეტსაც გეტყვით, მას დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს, სასამართლოს მიერ მას აკრძალული აქვს სასამართლოზე გამოცხადება და, შესაბამისად, ის სასამართლოს ვერ დაესწრება და სასამართლოზე წარმოდგენილი ვიქნები მე, როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი.
იმისთვის, რომ პირი დააპატიმრონ, სახეზე უნდა იყოს აღკვეთის ღონისძიების მიზნები, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რომელიც საერთოდ არ არსებობს და არარელევანტურია ამაზე საუბარი,"-განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.