17 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
თუ ვინმეს რაღაცა ჭმუნვები აქვს ენმ-თან დაკავშირებით, ნიკა მელიას ეს ნამდვილად არ ეხება - ნინო ბურჯანაძე

ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ  ამით გამოდიან იმ უკანონობის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება სჩადის.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფება "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც. მისი თქმით, ვინც დღეს ნიკა მელიას არ დაიცავს , თავისდა უნებურად მოაწერს ხელს უსამართლობას:

"ახლა ვინც დაიწყებს იმის ლაპარაკს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი, სხვა პარტიის ოფისი, ამ პარტიის თავმჯდომარე, იმ პარტიის თავმჯდომარე, ამას დავიცავ, იმას არ დავიცავ, ეს ადამიანები თავისდა უნებურად ხელს მოაწერენ უსამართლობას. იმიტომ რომ უსამართლობა და უსინდისობა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, მოგწონს ეს ადამიანი თუ არა, ყველა უნდა დაიცვა. მე ამ შემთხვევაში ნიკა მელიასთან მაქვს პირადი მეგობრული ურთიერთობაც ნიკა მელიას ნამდვილად ეკუთვნის დაცვა, იმიტომ რომ ის არის წესიერი პრინციპული ადამიანი და თუ ვინმეს რაღაცა ჭმუნვები აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით, ნიკა მელიას ეს ნამდვილად არ ეხება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ხელისუფლების არცერთი შტოს იმედი:

"ნიკა მელიას მიმართ რასაც აკეთებენ, ეს ყველაფერი არის უკანონობა, სრული აბსურდი. ჩვენ ყველაფრის მოლოდინი გვაქვს ხელისუფლებისგან იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით რა მოუვა თავში ბიძინა ივანიშვილს და გავრილოვს და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ყველაზე საშინელი არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ხელისუფლების არცერთი შტოს იმედი, არ გვაქვს სასამართლოს გონივრულობის იმედიც, ამიტომ ჩვენ ისღა დაგვრჩენია ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ვიყოთ ერთად და იმ რესურსებით, რაც გვაქვს, ვიყოთ ნიკა მელიას გვერდით და დავიცვათ ნიკა მელიას ინტერესები," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები