ნიკა მელია ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში შევა, როგორც ორგზის იმუნიტეტშეჩერებული დეპუტატი.
ენმ-ს ლიდერმა გირაო არ გადაიხადა. ახლა ყველა ელოდება, დაიჭერენ თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომლის მხარდასაჭერად მთელი ოპოზიციური სპექტრი ყოფილი მმართველი პარტიის ოფისშია შეკრებილი.
ბოლო სიტყვა სასამართლოზეა. იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ ყველა ელოდება გადაწყვეტილებას - რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო, რომელსაც მელიასთვის თავისუფლების აღკვეთით უკვე მიმართა პროკურატურამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ გამორიცხავენ, რომ შენობის დაცვა ფიზიკურად მოუწიოთ. ლევან ბეჟაშვილის თქმით, სამართალდამცავებს ენმ-ს ოფისში შესვლის უფლებას არ მისცემენ:
"არ გამოვრიცხავ, რომ ფიზიკური დაცვაც მოხდეს ამ შენობის. გარდა ამისა, ამ შენობაში შემოსვლის უფლება სამართალდამცავებს არ ექნებათ. არ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლება შეეცდება კუნთების თამაშს, იმიტომ რომ ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მთავარი მიზანი არის, რომ თავიანთ მხარდამჭერებს აჩვენონ, რომ ძლიერები არიან. სამართლიანობის დაცვა ხდება ამ ოფისში, დღეს ღირსების საქმეა სამართლიანობის დაცვა და ეს ღირსების საქმე გადის დაუმორჩილებლობაზე," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმის გააქტიურებას ენმ-ში ბოლოს მომხდარ ცვლილებებს უკავშირებს. მისი თქმით, ნიკა მელია ძლიერ გუნდს აყალიბებს, რომელიც "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ ველზე პრობლემებს შეუქმნის, სწორედ ამიტომ მმართველმა პარტიამ ოპოზიციური პარტიის ლიდერის განეიტრალება გადაწყვიტა:
"ამოძრავებთ ერთი მიზანი, აქვთ კონკრეტული დირექტივა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც აყალიბებს ძლიერ გუნდს, რომელიც ხვალ უქმნის პრობლემას ქართულ ოცნებას უნდა იყოს განეიტრალებული. აბსოლუტურად ყველა ხერხს მივმართავთ, რომ წინ აღვუდგეთ უკანონობას. ეს იქნება პიკეტი თუ სხვა რამ, ამას კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვეტთ," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
მწვავე საერთაშორისო რეაქციის პირობას დებს ენმ-ს კიდევ ერთი ახალი სახე. გიორგი ჩალაძის თქმით, ისინი არ დაუშვებენ საქართველოს "გავრილოვიზაციას".
"გადაწყვეტილება არაა სასამართლოსი, ეს არის პირადი შურისძიების დაკვეთა, ეს არის კერძო აღმასრულებელი დაქირავებული, რომლითაც შურს იძიებენ საქართველოს მომავალზე. ნიკა მელიას თითს ვერ დააკარებს ვერავინ, ამ უკანონო დაკავებას მოჰყვება ძალიან დიდი საერთაშორისო გამოხმაურება. არ დავუშვებთ საქართველოს გავრილოვიზაციას," - აცხადებს გიორგი ჩალაძე.
სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად ენმ-ს ოფისში იმყოფებიან "ევროპული საქართველოსა" და "ლეიბორისტების" ლიდერებიც.
გიგა ბოკერია ხელისუფლებას ურჩევს, რომ არ ჩაიდინოს უმძიმესი შეცდომა ნიკა მელიას საკითხთან მიმართებით:
"არალეგიტიმურ პოლიტიკურ დევნაზე, აბსურდულ უტიფარ ბრალდებაზე, გავრილოვის ღამის შემოქმედი ხელისუფლებისგან ოპოზიციის ლიდერის მიმართ, რომელიც მათი ოპონენტი იყო გავრილოვის ღამის გამო, იქ იშველიებენ კანონის უზენაესობას ის ხალხი, ვინც კანონის უზენაესობას და სახელმწიფო ინსტიტუტებს გამოუთხარა ძირი ამ ქვეყანაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს უმძიმესი შეცდომა და დანაშაული არ ჩაიდინონ და მშვიდობიანი არჩევნებით დაგვანებონ თავი,"- აცხადებს გიგა ბოკერია.
"ლეიბორისტების" ლიდერის თქმით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციისა და ხალხისგან მძლავრი პასუხი მიიღოს:
"ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ დამჭირდებოდა მოსვლა მოწინააღმდეგე პარტიის ოფისში და მით უფრო მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების დაგმობა. თუ არ იქნა მაგარი პასუხი ოპოზიციისა და ჩვენი ხალხისგან ყბაში ხელისუფლების მიმართ, ისინი დაამთავრებენ საქართველოს ისტორიას, მაგრამ მე ვეუბნები, რომ ვერ დაამთავრებენ და ჩვენ მათ დავამთავრებთ," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.