17 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
"ოცნებამ" მოლაპარაკების სივრცე არ დატოვა, ენმ ამას იყენებს, რომ პროცესების რადიკალიზაცია მოახდინოს - ლევან იოსელიანი მელიას საქმეზე

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი, პარლამენტის დეპუტატი ლევან იოსელიანი "ღამის კურიერის" ეთერში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამით "ქართულმა ოცნებამ" მოლაპარაკებების პროცესი შეიყვანა ჩიხში და ახლა გამოწვევის წინაშე სასამართლოა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის სამომავლო ბედი უნდა გადაწყვიტოს.

"ახლა გამოწვევის წინაშეა სასამართლო. სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, შეუძლია თუ არა, გაუმკლავდეს იმ სირთულეს, რომელიც არის ქვეყანაში. სასამართლოს რეალურად შეუძლია არ შეუფარდოს ნიკა მელიას პატიმრობა, დატოვოს ის გარეთ და ის უპასუხისმგებლობა, რაც დღეს გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", როცა პოლიტიკური პროცესი შეიყვანა ჩიხში, ანუ მოლაპარაკების სივრცე არ დატოვა. რაზეც ერთი კვირის წინ მათ უფლებამოსილების გაუქმებაზე უარი უთხრა და არ განიხილა, ხო საუბარი იყო, რომ სივრცე დავტოვეთ მოლაპარაკებისთვისო და დღეს ეს კარი მას მიუჯახუნეს და მეორეს მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა" იყენებს ამ ყველაფერს იმისთვის, რომ რადიკალიზაცია მოახდინოს პროცესების, ეს მოსალოდნელიც იყო,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა. პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო ბრალდების მხარე მიმართა სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, ამისთვის პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდა. პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები