17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
თუ უსამართლოდ დაჩაგრავენ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას", მათ დაცვასაც შევეცდები - ნინო ბურჯანაძე

ნიკა მელია საკუთარ პროცესს პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს. მასთან ერთად ოპოზიციის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტებიც იმყოფებიან. 

ნინო ბურჯანაძე, რომელიც ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფება, აცხადებს, რომ ის დღეს სიმართლის მხარეს დგას და თუ უსამართლოდ დაჩაგრავენ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას", მათ დაცვასაც შეეცდება. 

"არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მე დღეს რომელ ოფისში ვარ, რადგანაც ვარ იქ, სადაც სიმართლეა. თუ უსამართლოდ დაჩაგრავენ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" შევეცდები ისინიც დავიცვა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არანაირი ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა არ დაგვჭირდება, თუ არადა მე ვიდგები და გამწიოს აბა პოლიციამ. თავად ნიკას ფიგურა, რომელსაც არანაირი შავი ლაქები არ აქვს წარსულში, ყველას ერთად გვიმატებს ენთუზიაზმს, რომ ის უსამართლოდ არავის დავაჩაგვრინოთ," - აცხადებს ”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 

რომან გოცირიძის განცხადებით კი, ოპოზიცია ყველანაირ უსამართლობას გაუძლებს.

"სიმბოლური ნათქვამია, ეს ოფისი 9 ბალიან მიწისძვრას გაუძლებსო, ასე გაუძლებს ყველანაირ მიწისძვრას, უსამართლობას და შეტევას ოპოზიცია. გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რასაც უკარნახებს ბიძინა ივანიშვილი მათ. ამ მასშტაბის პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრების ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები სწორედ ბიძინა ივანიშვილია,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე.  

"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, თუ ნიკა მელიას დაჭერას გადაწყვეტენ, მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება მოუწევთ. 

"თუ ისინი აპირებენ ნიკა მელია დაიჭირონ და ამ გზით ნეიტრალიზება მოახდინონ, ჩვენ ვიქნებით აქ იმისათვის, რომ ნიკას მხარი დავუჭიროთ. აქ მაშინ მათ მოუწევთ რაღაც სპეცოპერაციის ჩატარება და ამ ოპოზიციის ლიდერის ოფისის აღება," - აღნიშნავს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე. 

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 

დღის ამბები