შეშა, კასრები, ხმის გამაძლიერებლები - მელიას მომხრეები პოზიციებს ამაგრებენ.
კახეთის გზატკეცილზე დღეს ბუბა კიკაბიძე და ვანო მერაბიშვილიც მივიდნენ.
რისთვის ემზადება "ნაციონალური მოძრაობა"? ნიკა მელიას დაკავების სანქციის გაცემის შემთხვევაში პარტიამ წინააღმდეგობა წინასწარ დააანონსა.
ნიკა მელია თავის განაჩენს დღესაც საკუთარი ოფისიდან აკვირდებოდა, სადაც ღამე გაათენა და საიდანაც წასვლას არ აპირებს. სხდომას, რომელზეც მისი თავისუფლების საკითხი წყდებოდა, სატელევიზიო ეთერიდან ადევნებდა თვალს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიასთან არ ჩნდებოდა. დღის პირველი ნახევარი კი მხოლოდ დღის მეორე ნახევარში შეაფასა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სასამართლოსგანაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინში იყო და გეგმებს ასაიდუმლოებდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დილიდან ხალხმრავლობა იყო. რიგით მხარდამჭერებთან ერთად იქ ოპოზიციის ლიდერები მიდიოდნენ, სოლიდარობას უცხადებენ და იმასაც ამბობდნენ, რომ მელიას არავის გაატანდნენ. განცხადებები კეთდებოდა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებითაც.
ოპოზიციის გეგმები, როგორც თავად ამბობენ, იციან მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ოპონენტები კანონს შეგნებულად დესტაბილიზაციის მიზნით არღვევენ. "ქართულ ოცნებას" არც ოპოზიციის სამომავლო ნაბიჯების და არც მათი ერთობის სჯერა.
პარტიის ლიდერს დღეს ყოფილი ლიდერიც ესტუმრა. ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დღის მეორე ნახევარში მივიდა. ყოფილ მაღალჩინოსანს მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია. უკომენტაროდ შევიდა შენობაში სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეც. მობილიზება ოფისის გარე პერიმეტრზეც შეინიშნებოდა. ტერიტორიაზე ხმის გამაძლიერებლები, კასრები და შეშა მიიტანეს, რომელთა ფუნქციაც ლიდერებმა განსხვავებულად ახსნეს.
"ოცნებას" სამართლის აღსრულების იმედი აქვს, რომელსაც მათივე შეფასებით, ვერაფერი შეაჩერებს.
ნიკა მელიას პროკურატურის მოთხოვნით დეპუტატის უფლებამოსილება უკვე მეორედ შეუჩერდა.