"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, რომელიც პატიმრობას გულისხმობს, პირველი განცხადება გააკეთა.
"გუშინ ჩვენ ყველამ ერთად გავრილოვის პარლამენტი ვიხილეთ, დღეს კი ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო. ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღეა, ჩვენი მომამავლი, რომელიც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც გავრილოვის სასამართლომ გამოიტანა, არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს. ვსამართლდებით ამ განაჩენით ყველა, ვინც ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ, ვინც 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე. ან თავისუფალი, ან დამონებული საქართველო.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება დგას მხოლოდ ძალმომრეობაზე, ჩვენ კი ვდგავართ სიმართლეზე. ბიძინა ივანიშვილო და გავრილოვო თავისუფლების იდეა არ სამართლდება და არასოდეს გასამართლებულა.
ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია, თქვენ ის ჯაჭვი გაწყვიტეთ, რომელიც გეგონათ რომ ძალიან მყარი იყო. მე საქართველოს მოსახლეობას გამარჯვებას ვულოცავ, რადგან დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ არა მხოლოდ პოლიტიკურად და ზნეობრივად, არამედ სულიერადაც გავიმარჯვეთ, რადგანაც ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ ბრძოლის შედეგად თავისუფლება მოეპოვებინათ. აქ ვართ, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე არის. წაშლილია ყოველგვარი პარტიული პოლიტიკა, დასრულდა," - განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება სასამართლო პროცესზე გამოცხადდა.
ადვოკატებმა მოსამართლის მიერ, განაჩენის წაკითხვის დასრულებამდე სასამართლო დარბაზი დატოვეს.
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ გუშინ მიმართა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. საგამოძიებო უწყება პატიმრობას ითხოვდა. ნიკა მელია მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მისმა ადვოკატებმა პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნას დააყენეს.