17 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომა და ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა - ახალი რეალობა ქართულ პოლიტიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა. დღეს დილით გიორგი გახარიამ მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რომლითაც ქართულ პოლიტიკაში ახალი რეალობა დადგა.

"ქართული ოცნების" მეხუთე პრემიერი და მმართველი პარტიის ყველაზე რეიტინგული ფიგურა უმრავლესობის უმცირესობაში აღმოჩნდა.

გიორგი გახარიამ დილით მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიდის და გადაწყვეტილების მიზეზად ნიკა მელიას საქმეზე გუნდთან უთანხმოება დაასახელა. უკვე ყოფილ პრემიერს იმედი აქვს, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯით ქვეყანაში პოლარიზებას შეამცირებს.

გიორგი გახარიას გადადგომას "ქართული ოცნების" ლიდერები საპასუხო ბრიფინგით გამოეხმაურნენ. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებთან ერთად გამოჩნდა. მან არ დამალა, რომ გუნდში ნიკა მელიას საქმეს განიხილავდნენ და გადაწყვეტილების აღსრულების ვადებზე გახარიასთან ვერ შეთანხმდნენ, ყოფილი პრემიერი უმცირესობაში აღმოჩნდა. გუნდში აზრთა სხვადასხვაობა უკავშირდებოდა მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერის საკითხს თუ გახარიასა და "ოცნების" პოზიციები დიდი ხნით ადრე გაიმიჯნა, უცნობია.

გადამდგარ პრემიერს პოლიტიკური ნაბიჯი მოუწონეს ოპონენტებმა, თუმცა ისიც შეახსენეს, რომ 20 ივნისის მოვლენების გამო პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ნიკა მელიამ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას დასაფასებელი ნაბიჯი უწოდა და თქვა, რომ ამჯერად მან ქვეყანა სისხლისღვრას გადაარჩინა. ოპოზიციისთვის გახარიას გადადგომამ სივრცე გააჩინა იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგი განაახლონ და მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ერთადერთ საკითხზე შესათანხმებლად დასხდნენ - როდის დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძე 2019 წლის სექტემბრის თვეში შეცვალა და მთავრობის მეთაურის სავარძელი 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიკავა.

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, რომელიც ამ პოსტს ერთხელ უკვე იკავებდა.

დღის ამბები