17 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
არანაირი აზრი არ აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, იქ ახლა ყველაფერი ჩასწორებულია - ზაალ უდუმაშვილი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კვლავ უარს ამბობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დარღვევები, რომელიც არჩევნების დღეს მათმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, არჩევნების დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა გამოძიებულიყო.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ კომისიის მუშაობაში ჩართვას აზრი არ აქვს, რადგან "ქართულ ოცნებას“ უკვე ყველაფერი შესწორებული აქვს.

"ახლა არანაირი აზრი არ აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნას. იქ ახლა ყველაფერი გადასწორებულ, გასწორებულ, ჩასწორებულია და ყველაფერი გადაწიკწიკებული აქვთ ხუთიანზე. თუ ქართულ ოცნებას სურდა რეალურად, რომ ჩვენ გაგვეხსნა უბნები და გვენახა, ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც ჩვენ საჩივრებით მივმართავდით,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ კომისიის მუშაობას არ ექნება ნდობა, რომელშიც არ მონაწილეობს ოპოზიციური სპექტრი სრული შემადგენლობით.  

"არანაირი ნდობა არ აქვს საპარლამენტო კომისიას, რომელშიც არ მონაწილეობენ ფაქტიურად სრული შემადგენლობით ოპოზიციური სპექტრი. როგორც კი მოვინდომებთ ერთმანეთთან საუბარს, მერე შეიძლება გამოჩნდეს კომისიის კონტურები,“ - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომისიის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია.

"ვერც ერთი პროცესი, რომელიც ამ პარლამენტში ხდება, ვერ იქნება საჯარო ნდობის და ოპოზიციის ნდობის მატარებელი. ამიტომ, კომისიებში დასხდებიან, კომიტეტებში თუ რას გააკეთებენ, ეს ვერ იქნება სერიოზული განხილვის საგანი მანამ, სანამ ამ პოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები